AS: “გიორგი მამარდაშვილი ტიბო კურტუას ტყუპისცალია”
ხვალ, 19 სექტემბერს “ვალენსია” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ცნობილი ესპანური გამოცემის, AS-ის ვებ-გვერდზე გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ქართველი მეკარე “რეალის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ხოლო მისი მოწინააღმდეგე გუნდის კარს ტიბო კურტუა დაიცავს.
AS-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
“ის “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა. როცა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მისი ნიჭი შეამჩნია, მას ეჭვები აღარ ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს (თბილისი, 2000) “ვალენსიას” მეორე გუნდის შემადგენლობაში, ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში უნდა ეთამაშა, მაგრამ მან პირველი გუნდის კარი შეანგრია.
მამარდაშვილი კრისტიან რივეროზე, ხაუმე დომენეკზე და იასპერ სილესენზე წინ დადგა. მან უპირატესობა და ბორდალასის ნდობა დროულ მომენტში მოიპოვა, როცა ის ფორმაში იყო და მის თანაგუნდელ მეკარეებს ტრავმები ჰქონდათ. გიორგი უკვე არის სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა.
მამარდაშვილი ნოიერის გულშემატკივარია, მაგრამ მას ტიბო კურტუას ადარებენ. გიორგი 199 სანტიმეტრის სიმაღლისაა და ცაციაა, ამავდროულად, მოქნილიცაა. მამარდაშვილი კურტუას ტყუპისცალივითაა, რადგან ბელგიელიც ცაციაა და გიორგიზე მხოლოდ 1 სანტიმეტრით მაღალია. გიორგი და ტიბო – ლა ლიგის კოშკები, ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მეკარეები. ხვალ ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. განსხვავებაა სატრანსფერო ფასებში: 60 მილიონი ევრო 800 000 ევროს წინააღმდეგ.”
შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” – “რეალის” შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.