ძოძუაშვილი კობი-შოთიზე: “ძალიან კარგი რამ მოხდა”
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა ბოლო დროს კობიაშვილისა და არველაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ფეხბურთს 1 კანონი აქვს, თუ გინდა რომ ყველაზე კარგი იყო, ყველაზე მეტი უნდა ივარჯიშო. ამასთან, ისეთი კარგი რამ მოხდა, თეორიული მხარეც არსებობს ფეხბურთში და შოთა არველაძეს და ლევან კობიაშვილს შორის მოხდა კამათი. ასეთი ხალხის კამათში იბადება ძალიან ბევრი ჭეშმარიტება, თუ ამ კამათში ნონა გაფრინდაშვილს ჩართავენ, მანუჩარ მაჩაიძეს, კახა კალაძეს და ბევრ სხვას, მაშინ დაიბადება ჭეშმარიტება. ქალბატონმა ნონამაც ძალიან მაგრად იცის ფეხბურთი, ხშირად მოდიოდა ჩვენთან და ისე კარგად აგიხსნის, როგორ უნდა წავიდეს ფლანგზე ტურა თუ ცხენმა როგორ მიიღოს ბურთი. კამათი აუცილებელია ფეხბურთში.”
“ეროვნული ჩემპიონატი მაინც პლუსით დაიწყო, შარშანდელთან და 2 წლის წინანდელთან შედარებით, მიუხედავად ყველაფრისა. შეტევის მხრივ ჩვენი გუნდები კარგად თამაშობენ, პრესინგიც მომატებული გვაქვს, კონტრშეტევაც, თუმცა ოსტატურად მაღლა რომ ავწიოთ, უნდა გაერთიანდეს ეროვნული ჩემპიონატის გუნდი და საქართველოს ნაკრები. თითოეული კარგი გუნდის 2-3 ფეხბურთელი ნაკრებში უნდა იყოს გამოძახებული. ბათუმის “დინამოდან” 5 ფეხბურთელი გამოიძახეს, ამ ბიჭებს საერთაშორისო პრაქტიკა აკლიათ და ნელ-ნელა ისინიც დაიხვეწებიან”, – განაცხადა ძოძუაშვილმა POSTV-ის ეთერში.
რამდენიმე დღის წინ კობიაშვილი და არველაძე ერთმანეთს ნაკრების გამოსვლის შეფასებებისას ვირტუალურად დაუპირისპირდნენ.