გენო პეტრიაშვილი: “გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, ეს სხვა ემოციაა”
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გაბლ სტივსონთან განცდილ მარცხზე ისაუბრა.
27 წლის მოჭიდავე აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ უპოვა ახსნა იმას, რაც ფინალურ დაპირისპირებაში მოხდა.
“ვერ ამოვხსენი ბოლომდე, რატომ წავაგე ფინალი. ვაანალიზებ, რაც მოხდა, მაგრამ ახსნა არ მაქვს. რაღაც სხვა მოხდა, არასოდეს დამმართნია. ეს 10000 სპორტსმენში შეიძლება ერთს დაემართოს. კარნახიც იყო, შემართებაც, მთელი მოტივაცია ჩავდეთ ამ შეხვედრაში, მაგრამ ვიტყვი, რომ დავუშვი შეცდომა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამით არაფერი მთავრდება. ვეცადო – ეს არ არის შესაფერისი სიტყვა, უნდა გამოვასწორო. თუ არადა, მომავალი თაობა ისწავლის ჩემს შეცდომაზე, რომ სხვანაირად უნდა მიუდგეს ასეთ გადამწყვეტ შეხვედრას.
ფაქტიურად, ჯიბეში მედო ოქროს მედალი. გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, სხვა რაღაც ემოციაა, რაც მე დამემართა, რასაც მე განვიცდი.
ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმე დღე გვქონდა ენერგიის აღსადგენად. ახლა მაქსიმალურად ვშრომობთ იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფორმაში შევხვდეთ. ნამდვილად საპასუხისმგებლო შეჯიბრია და ყურადღებაა საჭირო, გავალთ და დავიხარჯებით”, – განაცხადა პეტრიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში “სპორტის საათი”.
შეგახსენებთ, რომ 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას გენო პეტრიაშვილიც მიიღებს.