‘მე რაც შემეძლო გავუკეთე, ახლა აქეთ უნდა გამიკეთოს რეკლამა’ – ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე
ყაზანის “რუბინის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა 20 წლის ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”, ჯუღელმა განაცხადა, რომ “იუვენტუსთან ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ტრანსფერი აღარ შედგა.
“როცა კვარაცხელია ჩემთან მოვიდა, 15 წლის იყო. იყო ლისაბონის “სპორტინგის” 19-წლამდე გუნდის ვარიანტი, ჩვენ მოსკოვის “ლოკომოტივი” ავირჩიეთ, ამის შემდეგ მისით “რუბინი” ძალიან დაინტერესდა და ამ კლუბში გადავიდა. რა თქმა უნდა, ჩემი და ოჯახის დიდი სურვილია, რომ ის მოხვდეს საუკეთესო ევროპულ კლუბში.
მას ბევრი აკვირდება. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რაღაც პატარა დეტალების გამო ტრანსფერი არ შედგა. კვარაცხელიას 5 და 10 მილიონად ყველა წაიყვანს – “აიაქსიც”, “ნაპოლიც”, “ვესტ ჰემიც”, ძალიან ბევრი კლუბი.
პირადად მქონდა მოლაპარაკება “ტოტენჰემთან” და “ნაპოლისთან”. დღეს, პანდემიიდან გამომდინარე, კლუბები ფინანსურად ძლიერები არ არიან. “რუბინი” ითხოვდა 10 მილიონზე მეტს.
3-4 წლის წინ ხვიჩას ჰქონდა ბელგიაში წასვლის ვარიანტი, მაგრამ მე პირდაპირ უარი ვთქვი, რადგან ჩვენს ბიჭებს იქ არ უმართლებთ.
თქვენ არ იცით, ხვიჩამ რამდენი ნერვიულობა გადაიტანა. ჩათვალეთ, ფეხბურთში მისი მამა ვარ. მისი მამა ჩემი მეგობარია და ოჯახმა ბავშვი მე მომანდო. ეს ხვიჩამ იცის, მე ვიცი და ბადრიმ იცის, მამასმისმა და დედამისმა მაკამ, რამდენი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა.
არ ვმალავ, ჩავფრინდი “იუვენტუსთან”, პარატიჩთან მოვილაპარაკეთ, გვქონდა წინასწარი შეთანხმება. ეს ხდებოდა 16-17 აპრილს. გაუშვეს მწვრთნელი, გაუშვეს პარატიჩი. პარატიჩი ახლა “ტოტენჰემშია”. მართლა დაინტერესებული იყო “იუვენტუსი”. კლუბთანაც ყველაფერი დალაგებული იყო, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაც, რომ “იუვენტუსი”, რომელიც სულ ჩემპიონი ხდება, მეოთხე თუ მესამე ადგილზე გავიდა და დაშალეს გუნდი.
ხვიჩას ევროპაში გაყვანა არ უნდა, თვითონ გავა, ისეთი ფეხბურთელია. მას უკვე მთელი ევროპა იცნობს. მე კვარაცხელიას რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე, ახლა აქეთ კვარაცხელიამ უნდა გამიკეთოს რეკლამა. მე ბავშვობიდან შევქმენი, აქამდე მივიყვანე”, – განაცხადა ჯუღელმა.