სლუცკი ხვიჩაზე: “ბოლო რამდენიმე თვეა, ის დამატებით აღარ ვარჯიშობს”
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
რუსმა სპეციალისტმა 9 ოქტომბერს ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, რომ ხვიჩას ის ფანატიზმი ფეხბურთისადმი, რომელიც ადრე ჰქონდა, ახლა აღარ აქვს.
“ყველას გვინდა, რომ ის თავის წინა დონეს დაუბრუნდეს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მივცე – ის უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს. ადრე, ის გვიანობამდე იყო ბაზაზე, მუშაობდა, ვარჯიშობდა, დამატებით წვრთნებზე რჩებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახე, რომ დამატებით ინდივიდუალურად აღარ ვარჯიშობს და ის ფანატიზმი, რომელიც მას ჰქონდა, უკვე აღარ ჩანს. ესეც ნორმალურია, ყველაფერი იცვლება. მას მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი ყველაზე სამართლიანი თამაშია. თუ რამე ხდება შენს თავს, საკუთარ თავში უნდა მოიძიო პასუხები”, – განაცხადა სლუცკიმ.