მბაპე: “მე და მესიმ პენალტები გავცვალეთ”
19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა მეორე გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც მბაპემ პენალტი დაუთმო. ფრანგ თავდამსხმელს გოლი უკვე გატანილი ჰქონდა და მატჩის ბოლო წამებში თერთმეტმეტრიანი თავადაც შეასრულა, თუმცა არაზუსტად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მბაპეს ჰკითხეს, თუ რატომ დაუთმო პენალტი მესის.
“ეს ნორმალურია, პატივისცემის გამოხატვაა! მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენს გუნდში გადმოვიდა, რაც დიდი პრივილეგიაა. ყოველთვის ვამბობ, რომ მისი ჩვენს გუნდში თამაში პრივილეგიაა. პენალტი დაინიშნა და მან დაარტყა, წერტილი. როცა მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მას უნდოდა, რომ მე შემესრულებინა, თუმცა ვერ გამოვიყენე. დიახ, ჩვენ პენალტები გავცვალეთ. მან მითხრა: “დაარტყი!” – თქვა 22 წლის ფეხბურთელმა.