ქეცბაია: ‘ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთი თხოვნა და რჩევა მექნება’
კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
53 წლის სპეციალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, “საფეხბურთო ტაიმაუტში” ინტერვიუს დროს ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩია, რომ შრომა გააგრძელოს და საკუთარ თავზე იმუშაოს.
“ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უკეთესი დონის ჩემპიონატსა და კლუბში თამაშს იმსახურებს. თუმცა, თუ ვერ წახვედი უკეთეს კლუბში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. მათ უნდა გააგრძელონ შრომა, თამაში, ჯერ თავიანთ გუნდებში გამოიჩინონ თავი და შემდეგ საზღვარგარეთ კარი ღია იქნება.
მეც გავიგე, რომ ხვიჩათი ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ ის თამაშობს ყაზანის “რუბინში”, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს. ახლა ხვიჩაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ის, რომ წასვლის შანსი ჰქონდა, ვერ წავიდა ან არ გაუშვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა შეწყვიტოს. უნდა ითამაშოს და წასვლის დროც მოვა. ახალგაზრდა ბიჭია, მთელი კარიერა წინ აქვს.
ძაან მნიშვნელოვანია, იმ ხალხმა, ვინც ხვიჩას გვერდშია, აუხსნან, რომ ის დღეს “რუბინის” ფეხბურთელია და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დარიგებებს მისცემენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. ჩემი დარიგება ერთია – გააგრძელოს მუშაობა, თავის თავზე იმუშაოს, არა მარტო ვარჯიშზე, არამედ – ვარჯიშის შემდეგაც. დიდი პოტენციალი აქვს. გაბრაზება, რომ შანსი ჰქონდა და არ გაუშვეს, არც მას დაეხმარება და არც გუნდს. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. წინ ძალიან ბევრი წელი აქვს. ჩემი თხოვნაა, რომ გააგრძელოს ვარჯიში და ისე თამაში, როგორც შარშან თამაშობდა”, – განაცხადა ქეცბაიამ.