ანრი მესის პრობლემებზე: “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია”
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის პრობლემებზე ისაუბრა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ჯერ კიდევ უჭირს პარიზულ გრანდში საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა – ლიგა 1-ის ოთხ მატჩში მესის არც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემა გააკეთა.
“მესი იზოლირებულია. ვერ ვიტყოდი, რომ მარტოსულია, მაგრამ იზოლირებული ნამდვილად არის. ცენტრში ის გაცილებით უფრო პროდუქტიულია. ლეოს მარჯვენა ფლანგზე თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებ. ცენტრში ის ტემპს აკონტროლებს. მწვრთნელმა რაიმე უნდა იღონოს, მიაგნოს ტაქტიკას, რომელიც მესის, ნეიმარსა და მბაპეს ერთმანეთთან შეათამაშებს.
მესი ბევრს არ საუბრობს, ის ბურთით ლაპარაკობს. ამ დროისთვის, “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია. კილიანი არის ის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავს. ბურთს ის უფრო ხშირად იღებს, ვიდრე ვინმე სხვა,” – აცხადებს ტიერი ანრი.