ფედერაციას კიდევ ერთი პროექტი – ახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძეზე
26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ.
სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა და ადგილზე არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამასთან ერთად ისინი საჩვენებელ ვარჯიშსაც დაესწრნენ, რომელშიც სამოყვარულო ფეხბურთის კლუბ “კვარტალის” ასაკობრივი გუნდის გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, პროექტ #WePlayStrong-ის მონაწილეებიც ჩაერთნენ.
💬 ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: “ბედნიერი ვარ, რადგან დედაქალაქ თბილისს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი სტადიონი შეემატა. აღნიშული ტერიტორია ჩვენ სულ რაღაც ორი წლის უკან გადმოგვეცა განსაზღვრული მიზნობრიობით. ამისთვის მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. მთლიანობაში არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა, ადგილზე გვაქვს ერთი სტანდარტული და ერთი მინი მოედანი, ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო ცენტრს სჭირდება.
აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი პირველ რიგში ბავშვთა, გოგონათა და მოყვარულთა ფეხბურთისთვის აშენდა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფიფას, სწორედ ფიფას ფორვარდის პროგრამის მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა აღნიშნული პროექტი.”
ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრის გახსნას ასევე ესრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და ბავშვთა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში ადგილზე ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი მოედანი (7×7 ფეხბურთისთვის) მოეწყო, განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საფეხბურთო ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ოთახია განთავსებული.
სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.