გახარიას პარტია: “ჩხეტიანი პოლიტიკური ნიშნით გააგდეს”
ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გუნდიდან გუშინ გაათავისუფლეს. ჩხეტიანი გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის საკრებულოს წევრობის პროპორციული სიის მე-3 ნომერი იყოც, თუმცა საკრებულოში ვერ მოხვდა.
გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტატა ხვედელიანი ჩხეტიანის გათავისუფლებას მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
“სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლითაც გრძელდება საკუთარ ქალაქზე და საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა”, – წერს ხვედელიანი.
კახას “ტორპედოსთან” ერთად საქართველოში ყველა ტურნირი მოგებული აქვს, ფინანსური კრიზისის დროს გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩა, შემდეგ წავიდა “დინამოში”, საიდანაც ქუთაისში კვლავ ფინანსური კრიზისისას დაბრუნდა. “ტორპედომ” 31 ოქტომბერს “დილასთან” 0-3 წააგო და 1 ნოემბერს მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლეს.
1 კვირის წინ ქუთათურთა ახალი მფლობელი დავით კერესელიძე ჩხეტიანს დიდ ნდობას უცხადებდა, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავდა, რომ თუ სატურნირო კუთხით მდგომარეობა უკან წავიდოდა, ჩხეტიანს უსაზღვრო შანსები არ ექნებოდა. “ტორპედოს” 30 ქულა აქვს და “თელავთან” სხვაობა 5 ქულამდე არის შემცირებული.