სიმეონე კლოპისათვის მატჩის შემდეგ ხელის ჩამორთმევას ისევ არ აპირებს
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ ის იურგენ კლოპისათვის ხელის ჩამორთმევას ისევ არ აპირებს.
როგორც იცით, ეს გუნდები ერთმანეთს 19 ოქტომბერს დაუპირისპირდნენ. მადრიდში გამართული შეხვედრა ლივერპულელთა გამარჯვებით, 2:3 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, სიმეონე გასახდელში გაემართა, კლოპს კი ხელი არ ჩამოართვა.
“არ მიყვარს მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელთან დამშვიდობება, რადგან ამ დროს ორივე მხარეს საკუთარი, განსხვავებული ემოცია აქვს. ვიცი, რომ დიდ ბრიტანეთში თამაშის შემდეგ ხელის ჩამორთმევა ნორმალურია, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ და არც არაგულწრფელობა მომწონს. კლოპს, როგორც პიროვნებას, ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მან ყველა კლუბში დიდებულად იმუშავა”, – განაცხადა სიმეონემ.