“იუვენტუსის” 19 წლის ტალანტი დეპრესიის გამო კარიერის დასრულებას აპირებს
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მოჰამედ იჰატარენს კარიერის ნაადრევ ასაკში დასრულება აქვს გადაწყვეტილი. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calcio Mercato გვიდასტურებს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი “ბიანკონერის” 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და მაშინვე გაანათხოვრეს “სამპდორიაში”. თუმცა მისი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო.
იტალიური გამოცემების ცნობით იჰატარენი მძიმე დეპრესიაშია. ნიდერლანდელ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები 2019 წლიდან აქვს, მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა. “სამპდორიამ” მას სპეციალისტიც გამოუყო, თუმცა ეს ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა.
ფეხბურთელი გენუაში 12 ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ის ნიდერლანდებში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მშობლიურ უტრეხტში ის არავის უნახავს.
იჰატარენის მამა 2019 წლის ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნით. მაშინ “იუვეს” ტალანტი 17 წლის იყო.