კვეკვესკირი: “გვსურს ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ”
ბათუმში გამგზავრებამდე შვედეთის წინააღმდეგ მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:
“რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ.
სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ”, – თქვა კვევესკირმა.
საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.