მერაბ შარიქაძე: “გთხოვთ, უყურეთ თამაშს, ეს არ იყო სამართლიანი მსაჯობა!”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ქალაქ ბორდოში გამართული შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, 41:15 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, შარიქაძემ მსაჯებზე ისაუბრა.
“მე არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი. ასეთ თამაშებში მსაჯს დიდი გავლენა აქვს. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, ამიტომ მათ დახმარება ისედაც აღარ სჭირდებათ. ვფიქრობ, მსაჯი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი იყო. ის ჩვენ გვაჯარიმებდა, მეტოქეს – არა. თუ ამ მატჩს თავიდან უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ მან ფრანგები ძალიან ბევრჯერ არ დააჯარიმა. გთხოვთ, უყურეთ თამაშს და გაანალიზეთ. ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი.
ჩვენთვის, ეს ყოველი ძალიან იმედგამაცრუებელია, რადგან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება ხშირად არ გვეძლევა. ვცდილობთ, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მთელი თამაშის განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და დიდი ანგარიშით მარცხდები. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება”, – განაცხადა შარიქაძემ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, მადრიდში, ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.