“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ სულშერის გათავისუფლება გადაწყვიტა
წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
“წითელი ეშმაკები” გუშინ “უოტფორდთან” ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ. ეს ინგლისის პრემიერლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში მათი მეხუთე მარცხია. “გარდიანის” ცნობით, მატჩის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის საუბარი ხუთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ნორვეგიელს კარისკენ მიუთითეს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას სურს, რომ სულშერის წასვლა არა როგორც კლუბიდან მის გათავისუფლებად, არამედ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტად წარმოაჩინოს.
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას გუნდის თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანის მოწვევა სურს. მთავარი მწვრთნელის არყოფნის პერიოდში გუნდს სულშერის თანაშემწე მაიკლ კერიკი და ტექნიკური დირექტორი დარენ ფლეტჩერი გაუძღვებიან.
კიდევ ერთი გამოცემა “სქაი სპორტსი” კი წერს, რომ საგანგებო შეხვედრის შემდეგ ოლე გუნარ სულშერის ბედი გაურკვეველი დარჩა.