გიორგი ჯიქია: “მეც არ ვარ ეროვნებით რუსი, ქართველი ვარ”
მოსკოვის “სპარტაკისა” და რუსეთის ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა KP.ru-ს ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში 27 წლის ფეხბურთელს შეკითხვები რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანთან დაკავშირებით დაუსვეს.
– რუსეთის ნაკრებში კაპიტანი ყოველ მატჩში იცვლება. მთავარმა მწვრთნელმა კარპინმა თქვა, რომ ეს მოთამაშეების სურვილი იყო. როგორც ჩანს, თქვენც ამ მოთამაშეებს შორის იყავით.
– დიახ, ასეა. შეხვედრა გვქონდა, სადაც ამაზე ვისაუბრეთ. ყველამ მივიჩნიეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.
– კარპინმა თქვა, რომ კაპიტნის სამკლავური მხოლოდ უბრალო ნაჭერია. თქვენ “სპარტაკში” კაპიტნის სტატუსი გაქვთ. ეს არ გეწყინათ?
– არა, რადგან კაპიტნობა კლუბში და კაპიტნობა ნაკრებში ერთმანეთისგან განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ეს სტატუსი და პასუხისმგებლობაა. თუმცა, კლუბში ყოველდღიურობაა, თითქმის 24 საათი საქმეში ხარ ჩართული. გარდა ვარჯიშისა და თამაშისა, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ნაკრებში მხოლოდ ვარჯიში და მატჩია და სხვა პრობლემების მოგვარება არაა საჭირო.
– გასაგებია, მაგრამ შეიძლება გილერმე [ბრაზილიელი მეკარე, რომელიც 2016 წლიდან რუსეთის ნაკრების წევრია] იყოს კაპიტანი?
– რატომაც არა? მესმის, როგორი გამოხმაურება მოყვება ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, მეც არ ვარ ეროვნებით რუსი. დიახ, მოსკოვში დავიბადე, მაგრამ ქართველი ვარ. გილერმე ათი წელია რუსეთში ცხოვრობს, პატივს სცემს რუსეთს, რუს ხალხს. თუმცა, თუ ის კაპიტანი გახდება, ამას დიდი რეზონანსი მოყვება.
რა თქვა გიორგი ჯიქიამ 2017 წელს?
2017 წელს ჯიქიამ ინტერვიუ მისცა “როსისკაია გაზეტას”, სადაც მან საქართველოზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც იცით, ამ წელს მან პირველად ითამაშა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში.
“იყო იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. თუმცა, ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, რუსეთი ავირჩიე და ამას არ ვნანობ. ჩემი გადაწყვეტილების გამო, საქართველოში მოღალატედ მომიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოჯახში მხარი დამიჭირეს და სხვა დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
დიახ, მე მეგრელი ვარ. არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელსაც საკუთარი ენა აქვს. ისინი ქართველებს არც კი ჰგვანან. მეგრულად მეც ვსაუბრობ. ქართულად უფრო ცუდად ვლაპარაკობ, წერა და კითხვა არ შემიძლია”, – განაცხადა ჯიქიამ.