რატომ არ სურს ზიდანს “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობა?
ოლე გუნარ სულშერი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე აღარ მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს “ოლდ ტრაფორდზე” ნორვეგიელ სპეციალისტს.
ამ ეტაპზე გავლენიანი უცხოური გამოცემები აქტიურად იწერებიან ზიდანსა და “წითელ ეშმაკებს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგ სპეციალისტს დიდად არ სურს მანჩესტერში გადაბარგება და ამის რამდენიმე მიზეზი აქვს.
უპირველესყოვლისა, გამოცემა Cuatro იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ ინგლისური ენა კარგად არ იცის. როგორც სამწვრთნელო ასევე ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში მას ინგლისურ ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია.
გარდა ამისა, 49 წლის სპეციალისტის მეუღლეს ვერონიკ ზიდანს დიდად არ ხიბლავს ცხოვრების ინგლისში გაგრძელების პერსპექტივა. გარდა ამ მიზეზებისა, ფაქტია, რომ ზიდანს “ოლდ ტრაფორდზე” ძალიან რთული სიტუაცია დახვდება.
საიდუმლო უკვე არავისთვისაა, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი ორ საოცნებო წინადადებას ელოდება – ზიდანს საფრანგეთის ნაკრების ან “პარი სენ-ჟერმენის” ჩაბარება სურს.