ლაშა შავდათუაშვილსა და ილია სულამანიძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა ნომინაციებში 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა დაიწყო. გამარჯვებულები 6 ნომინაციაში დასახელდებიან, აქედან ორში კი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველები იბრძოლებენ.
ხმის მიცემა დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და ის 10 დეკემბერს დასრულდება. შედეგები 18 დეკემბერს გამოცხადდება.
2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი
ნომინანტები:
ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)
მატიას კასე (ბელგია)
ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
ჰიფუმი აბე (იაპონია)
2021 წლის მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი
ნომინანტები:
მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი)
აი ცუნოდა როსტანტი (ესპანეთი)
დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი)
საიტო ტაცურუ (იაპონია)
ილია სულამანიძე (საქართველო)
როგორ მივცეთ ხმა?
გულშემატკივრები უნდა ეწვიონ მითითებულ ბმულს (awards.ijf.org) და VOTE-ის საშუალებით საკუთარ რჩეულს ხმა მისცენ.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ილია სულამანიძე ამომავალი ვარსკვლავის (Rising Star 2021) ნომინაციაზეა წარდგენილი. ილიამ 2021 წელს, -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი მოიგო. მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიდებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამავე სინჯის მედალს დაეუფლა 2021 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატსა და თელ ავივის გრან სლემზე.
მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაზე (Male Judoka of the Year 2021) წარდგენილმა ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს -73კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე, ლაშა თბილისის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.