ნეიმარისთვის 2021 წელი დასრულებულია, ბრაზილიელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს
“პარი სენ-ჟერმენმა” გასვლაზე “სენტ-ეტიენის” დამარცხება შეძლო (1-3). ამ მატჩში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა, მესიმ საგოლე გადაცემების ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, თუმცა ყველაფერი ნეიმარ ჟუნიორის საზარელმა ტრავმამ გადაფარა.
ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა დაზიანება გაშვებული გოლიდან რამდენიმე წუთში მიიღო. ნეიმარს ივან მაკონთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მოედნის დატოვება საკაცის დახმარებით შეძლო.
მატჩის შემდეგ საუბრისას მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის ვადის დადგენა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდებოდა ცნობილი. ექსპერტების ინფორმაციით, ამ დაზიანების მოშუშებას მინიმუმ 6 კვირა დასჭირდება.
საღამოს ნეიმარმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა – “სამწუხაროდ, სპორტსმენის ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ თავი უნდა ასწიო და ბრძოლა გააგრძელო. უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები!”