ბათუმის “დინამო” 2 ფეხბურთელის გაყიდვით 9 მილიონს მიიღებს
ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საოცრად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოახერხა. გუნდს თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 კარგი ფეხბურთელი ჰყავდა.
გარდა ამისა, “დინამოს” რამდენიმე გამორჩეული ლიდერი ჰყავდა და მათ შორის ერთ-ერთი, მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვია. აზაროვმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და დღეს 1 მილიონ ევროზე მეტად ფასობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისით განსაკუთრებთ “ტრაბზონია” დაინტერესებული, რომელიც მზად არის 1.3 მილიონიდან 1.6 მილიონამდე გადაიხადოს. ბათუმელებს სურთ აზაროვის შემდეგი გაყიდვიდან ტრანსფერის ღირებულების 30%-იც მიიღონ. “დინამო თბილისმა” ირაკლი აჭარაში 40 ათასი ლარის სანაცვლოდ გაუშვა.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონიც დატოვებს. მართალია, 1 წლის წინ ჯოვინო 3 მილიონამდე ფასობა, თუმცა ახლა მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 1 მილიონი ევროა. მისით რუსული და ყაზახური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი.
შესაბამისად, “დინამო” 2 ლიდერის გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე შეავსებს ბიუჯეტს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. თავის მხრივ, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაც მოუწევთ.