“ვალენსია” ახალ მეკარეში 15 მილიონზე მეტს იხდის – მამარდა?
თურქული პრესის (Turkgun) ინფორმაციით, “ვალენსია” გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა “ტრაბზონის” მეკარე უგურჯან ჩაქირს და მზად არის მასში 17-20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“ვალენსიას” პირველი შეთავაზება 5 მილიონი ევრო იჯარაში და 12 მილიონი გამოსყიდვის შემთხვევაში, “ტრაბზონმა” უარყო და ჩაქირში პირდაპირ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჩაქირი თურქეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე და “ტრაბზონის” კაპიტანია და თურქეთის სუპერ ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია მირალემ პიანიჩის მერე.
“ვალენსიაში” ახლა 4 მეკარე ირიცხება – სილესენი ძირითადის შეუცვლელ წევრად იქცა, მამარდაშვილმა კი ბოლოს სექტემბერში ითამაშა და თასზეც არ გამოსულა.
მაშინ როცა 2 თვის წინ გადაწყვეტილი იყო, რომ “ღამურები” ქართველის გამოსასყიდ თანხას, 800 ათას ევროს დეკემბრის ბოლოს აუცილებლად გადაიხდიდნენ, ეს საკითხი უფრო მეტად სათუო ხდება და თუ თურქი გოლკიპერი ესპანეთში წამოვიდა, შესაძლოა, მამარდა აღარ დაიტოვონ.