“ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის მცირედით კმაყოფილდებიან”
30 წლის ლევან ყენიამ, რომელიც ახლა გერმანიის მე-4 ლიგელ “იურდიგენში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, “პირველი არხის” “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” ქართველი ფეხბურთელების პრობლემატიკაზე ისაუბრა.
“ადრინდელივით წამყვან ლიგებში მოთამაშეები აღარ გვყავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართულ ბავშვთა ფეხბურთში ძალიან დაბალი კონკურენცია და წნეხია. მხოლოდ “დინამოს”, “ლოკომოტივს” და “საბურთალოს” აქვთ აკადემიები და ეს საკმარისი არ არის, დიდი დატვირთვა არ აქვთ. გერმანიაში 17-19 წლამდელებში დიდი კონკურენცია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან, ასე ვითარდებიან.”
“ბოლოს საბურთალოში” ვთამაშობდი და ახალგაზრდებს შევატყვე, რომ მიღწეულით მარტივად კმაყოფილდებოდნენ. ფიქრობდნენ, ადგილი გარანტირებული ჰქონდათ, ნიჭიერები იყვნენ და ნაკლის გამოსწორებაზე აღარ მუშაობდნენ. ცალკე საკითხია, რომ გუნდშიც არ გეუბნებიან, რა მინუსები გაქვს და როგორ გამოასწორო. სისტემა არ გვაქვს ფეხბურთელის აღზრდის, ამიტომ საჭიროა გვერდით ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოცდილი ლეგიონერი ჰყავდეს და მისგან ისწავლოს. მხოლოდ 6 თვის მაღალ დონეზე თამაში საკმარისი არ არის. საუკეთესოებში თუ საუკეთესო არ ხარ, ევროპაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებ. მეტი კონკურენცია და წნეხია საჭირო”
“საქართველოდან “შალკეში” რომ მოვხვდი, თავი სულ სხვა სამყაროში მეგონა., სულ სხვა მიდგომები და დატვირთვები იყო. დაახლოებით ბავშვი საბავშვო ბაღიდან რომ გამოიყვანო და ბანკში შეიყვანო ისეა. ცოტა ხანი ვქაჩავთ, მერე იწყება ტრავმები და პრობლემები”
“თუ დიდი ფეხბურთის თამაში გინდა, ქართულ მენტალიტეტს როგორ ვერ უნდა მოუარო? ყველამ საკუთარ თავს უნდა დააძალოს. ზოგიერთი ასეა – ევროპას ნახავს, ცოტა ფულს იშოვის, რამდენიმე გოლს გაიტანს, თავში აუვარდება, მცირედით დაკმაყოფილდება და მისი ამოცანა ამოწურულია. რონალდუს გოლის გატანა დღესაც ისე უხარია, როგორც პირველის. ზოგი მარტივად კმაყოფილდება, ზოგი – არა. მთავარი პრობლემა კონკურენციაა”, – განაცხადა ყენიამ.
ლევან ყენია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ტრავმების გამო მისი კარიერა სათანადოდ ვერ აეწყო და 30 წლის ასაკში უკვე მწვრთნელობას შეუდგა.