ვინ არის თორნიკე ახვლედიანი, რომელმაც “ტორპედო” ეროვნულ ლიგაში დატოვა?
ქუთაისის “ტორპედომ” მარტვილის “მერანი”, საოცარ მატჩში, 3-2 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრის უდავო გმირი თორნიკე ახვლედიანი იყო, რომელმაც ჯერ პენალტი მოინადირა, ბოლოს კი გამარჯვების გოლი შეაგდო. მთელი თამაშის განმავლობაში ახვლედიანი საუკეთესოდ გამოიყურებოდა და დაცვაშიც მაგრად გაისარჯა. მისი წვლილი “ტორპედოს” დარჩენაში განუზომელია.
და ვინ არის თორნიკე ახვლედიანი, რომელსაც ქართული ფეხბურთი არც თუ ისე კარგად იცნობს?
ახვლედიანმა კარიერა “ნორჩი დინამოში” ვალერი გაგუასთან და ვლადიმერ კაკაშვილთან დაიწყო. “ნორჩი დინამოს” გუნდის დაშლის შემდეგ სინჯებზე თბილისის “დინამოში” მივიდა, მაგრამ მე-3 დღესვე მაშინდელმა მწვრთნელებმა უარით გამოისტუმრეს, ისე რომ, შანსიც არ მიუციათ.
შემდეგ იყო “ავაზა”, “ცხინვალი”, “გაგრა”, სადაც ერთხელ ელიგა 2-ში ითამაშა. “გაგრაში” საფეხბურთო კარიერის დასრულებაც სურდა, თუმცა ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც “ლეგანესის”, “სან სებასტიანის” და “დე ლორკის” ახალგაზრდებში ასპარეზობდა. “ლორკაში” მისი მენტორი ურუგვაელი ვალტერ პანდიანი იყო.
საბუთების პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია და მე-4 ლიგელ “ზესტაფონში” საფეხბურთო მენეჯერის, ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა, სადაც 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა. მაშინვე მისით, ამჯერად უკვე,”დინამო თბილისი” დაინტერესდა და მთავარ გუნდში მიიწვიეს.
შეკრებაზე თორნიკე უდავოდ საუკეთესო იყო, თავდამსხმელების პრობლემების გამო 2020 წელს ძირითადშიც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ტრავმა მიიღო, ბოლოს სხვა ფორვარდებიც დაიმატეს და ახვლედიანი ქუთაისის “ტორპედოში” გაანათხოვრეს.
“ტორპედო” 14 შეხვედრაში 5 გოლი დაუგროვდა და 5-ვე ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი სანახავი გამოდგა.
ახვლედიანი მოძრავი, ენერგიული ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან მაგარი საგოლე ალღო აქვს და მეორე სართულზეც საკმაოდ საშიშია. ეროვნული ლიგის დონეზე ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში “დინამო თბილისი” მას უკვე მესამეჯერ მიუბრუნდება.
22 წლის ახვლედიანმა დღეს თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი.