“ანორთოსისი” კაჭარავას გუნდიდან აგდებს
ნიკა კაჭარავას და “ანორთოსისის” ხელმძღვანელობას შორის ცოტა ხნის წინ შეხვედრა გაიმართა, სადაც გურამ კაშიას მიერ გავრცელებულ ვიდეოში “აპოელის” გოლზე კაჭარავას ღიმილი ჩანს. კლუბის გადაწყვეტილებით, ნიკა სრულად ჩამოშორდება სავარჯიშო პროცესს და დიდი ალბათობით, კონტრაქტიც გაწყდება.
ქეცბაიას 1 თვის წინ კაჭარავას გაშვება ისედაც უნდოდა და როგორც ჩანს, ეს მაინც მოხდება.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია:
“მინდა, მცირე განცხადება გავაკეთო დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მე ნაკრებში ჩემს თანაგუნდელთან და კაპიტანთან ერთად “ომონია” – “აპოელის” მატჩს ვესწრებოდი. ჩემმა მეგობარმა გადაიღო ვიდეო, როცა ის ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა. ამ დროს მე მეღიმებოდა, რადგან ის ისე ზეიმობდა, როგორც პატარა ბავშვი. მე არასოდეს ვიზეიმებ ჩვენი მოწინააღმდეგეების გოლს. ყოველთვის პატივს ვცემდი “ანორთოსისის” ფანებს და მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. თუ ამ ვიდეოს გამო, ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა კაჭარავამ.
კაჭარავა “ანორთოსისში” 2018 წლიდან თამაშობს.