რა გუნდი დარჩა “ლოკომოტივს” დაშლის შემდეგ?
თბილისის “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა და უმეტესმა მათგანმა უკვე იპოვა ახალი კლუბი. მაგალითად, კირკიტაძე – “დინამო თბილისში”, უბილავა და სიხარულიძე – “საბურთალოში”. ვნახოთ, რა გუნდი დარჩა “ლოკოს” იმ ფეხბურთელებიდან, რომლებთაც ეროვნულ ლიგაში 1 მატჩი მაინც ჩაუტარებიათ.
“ლოკომოტივიდან” წავიდა ჰოლანდიელი მეკარე მარკ სპენკელინკი. დარჩნენ რევაზ თევდორაძე და 15 წლის სოსო კოპალიანი. როგორც ჩანს, სოსო ახალი სეზონიდან მე-2 მეკარე იქნება.
ძირითადი შემადგენლობის 4-ვე მცველი წავიდა. ახლა მარჯვენა ფლანგზე რატი მჭედლიშვილს, შუაში ბექა ბუიღლიშვილსა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, მარცხნივ კი გიორგი ქველაძეს ვიხილავთ.
ყველაზე დიდი დანაკლისი ნახევარდაცვაშია, როცა მხოლოდ 3 ნახევარმცველი – ლუკა კეკელიძე, ირაკლი ჭიაბრიშვილი და გივი მუკბანიანი ჰყავს აქტივში “ლოკომოტივს”.
წინ ირაკლი სიხარულიძეს და მამია გავაშელიშვილს (სამგურალი) გიორგი იაკობიძე ცვლიდა. ამჯერად, იაკობიძე ძირითადიდან შეუტევს.
კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს მოთამაშეების დამატება აკადემიიდან მოუწევს და შესაძლოა, ვეტრანი ფეხბურთელების დამატებაც მოხერხდეს, რომლებთაც, შედარებით, ნაკლები ფინანსები დააკმაყოფილებს. წარმატებები ახალგაზრდებს.