ამერიკელმა ჟურნალისტმა გიგა ჭიკაძეს შეკითხვა ქართულად დაუსვა (ვიდეო)
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კალვინ კატართან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გიგას შეკითხვა ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით დაუსვა და საუბრისას სიტყვა “შეჯიბრი” ქართულად თქვა. ასევე, მან სპორტსმენს მადლობაც ქართულად გადაუხადა.
ჟურნალისტი: “ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ახლოს არიან ერთმანეთთან ქართველი მებრძოლები, როგორ გულშემატკივრობთ თქვენ ერთმანეთს. ხომ არ არის თქვენს შორის შეჯიბრი, თუ ვინ გახდება პირველი ჩემპიონი?”
ჭიკაძე: “ეს ჯანსაღი კონკურენციაა. ძალიან გამიხარდება, თუ მალე მერაბი [დვალიშვილი] ჩემპიონი გახდება, თუმცა მისი მეგობარია ჩემპიონი და ნათლად განაცხადა, რომ მასთან არ იჩხუბებს. ვნახოთ, რა მოხდება. ეს მოტივაცია ორივეს გვაქვს. არა მარტო ჩვენ ორს, UFC-ში კიდევ არიან ქართველი მებრძოლები, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება. ჩვენ პატარა ქვეყნიდან ვართ. ისტორიულად, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უამრავი ომი გაიარა. საქართველოს ძალიან სტრატეგიული ტერიტორია უჭირავს, ამიტომაც მისი დაუფლება ყველას სურდა, მაგრამ ეს ვერავინ მოახერხა. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ძლიერი მებრძოლი ბიჭები მოდიან, მათ ჩვენ კარი გავუღეთ. ქართულ MMA-ში საქმე კარგად მიდის. იმედი მაქვს, ერთ დღეს ყველას საქართველოში წაგიყვანთ, სადაც Fight Night Georgia გვექნება.”
ჟურნალისტი: “მე საქართველოდან ახლახანს დავბრუნდი. მადლობა!”
ჭიკაძე: “მართლა? მაგარია!”
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 ნომერია და ის მეხუთე ადგილზე მყოფ კატარს თბილისის დროით 16 იანვარს, გამთენიისას დაუპირისპირდება.