მაკრონი 1971 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია. კომპანიის მიერ წარმოებული ეკიპირებით უეფას წევრი 7 ნაკრები ასპარეზობს. მაკრონი არაერთი ევროპული კლუბის ტექნიკური სპონსორია. მათ შორის არიან ლაციო, ბოლონია, ჰელას ვერონა, სამპდორია, უდინეზე, სტოკ სიტი, ბლექბერნ როვერსი, რეალ სოსიედადი, კადისი. მაკრონი უეფას სამსაჯო ეკიპირების ოფიციალური სპონსორიც გახლავთ.
საქართველოს ნაკრებს “მაკრონი” შემოსავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი
💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „უკანასკნელი ათის წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“
💬 რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი): „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“.
მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს.
ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება.
ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი.