ინგლისური პრესა: არველაძე “ჰალ სიტიში” წმენდას იწყებს
ჩემპიონშიპის მორიგ ტურში “ჰალ სიტიმ” “დერბისთან” 3-1 წააგო. იმ “დერბისთან”, რომელსაც 21 ქულა აქვს დაკლებული და ფეხბურთელებს ხელფასებს პრაქტიკულად ვერ უხდის. არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. ყველა მეორე ბურთი, ყველა დუელი, ყველაფერი “დერბის” მიჰქონდა. როცა მეორე ბურთი გაგვიტანეს, ჩვენი მცველები და გოლკიპერი, 3 ფეხბურთელი უბრალოდ უყურებდა როგორ გაჰქონდა თვდამსხმელს.”
“ვარჯიშებზე კარგად გამოვიყურებით, ადრეც ვთქვი, ვმუშაობთ, მაგრამ ამ დროს წარმატებას ვერ ვაღწევთ და ვერ გაგვაქვს. ეს უცნაურია.”
“ბევრი რამ კლუბში მოსვლიდან არ შემიცვლია, მაგრამ დროა მეტი ცვლილება შევიტანო”, – განაცხადა არველაძემ.
ინგლისურ პრესაშიც წერენ, რომ არველაძე სატრანსფერო ფანჯრით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და სურს, ფეხბურთელები კვლავ დაიმატოს. გარდა ამისა, მიუხედავად მოკლე სათადარიგო სკამისა, “ჰალი”, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს.