რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ აპირებს. რონალდუს გუნდის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან ცუდი ურთიერთობა აქვს. როგორც უცხოურ პრესაში იწერება, კრიშტიანუ თვლის, რომ გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო დონე “მანჩესტერ იუნაიტედის” სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, რონალდუ “წითელი ეშმაკების” დატოვებას არ აპირებს. მისი ოჯახი მანჩესტერში ცხოვრებით კმაყოფილია და იქიდან გადაბარგება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ მიჯრით ექვსი მატჩია, კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. პორტუგალიელმა უკანასკნელად ბურთი გასული წლის 30 დეკემბერს მიითვალა, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში “ბარნლი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მიმდიანრე სეზონში რონალდუმ 27 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.