ინძაგი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ: “ძალიან გაბრაზებული ვარ”
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში მილანის “ინტერი” შინ “სასუოლოსთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ საკუთარი გუნდის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.
“ასეთი მიდგომით ძალიან გაბრაზებული ვარ. ოთხშაბათის მატჩის შემდეგ სამი დღე გვქონდა, ვთქვით, რომ “სასუოლომ” გასვლაზე “იუვე” და “მილანი” დაამარცხა, ისინი დიდებულად თამაშობენ და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.
შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა არ გაგვიმართლა.
სიტუაციას გავაანალიზებთ, წინ კიდევ 13 მატჩია და გვინდა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. ფაქტი კი ფაქტად რჩება, გუნდი, რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, საქმეს ასე არ უნდა მიუდგეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.
“ინტერს” 54 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი უკავია და ორი პუნქტით ჩამორჩება “მილანს”, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. “სასუოლოს” 33 ქულა მოუგროვდა და გუნდმა მე-11 პოზიციამდე ამოიწია.