კლოპი: “გასაგები იყო, რომ აბრამოვიჩი პუტინთან საკმაოდ დაახლოებულია”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დადებითად აფასებს ლონდონის “ჩელსის” მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას.
“თომას ტუხელს ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ისე ახლოს არ ვართ, რომ არასაფეხბურთო თემებზე ვისაუბროთ. არც ის, არც ფეხბურთელები და არც “ჩელსის” თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მათ თავს ხდება.
მხოლოდ ერთი დამნაშავე არსებობს და ის ვლადიმირ პუტინია. არ ვიცი, რა როლი აქვს რომან აბრამოვიჩს ამ ყველაფერში, მაგრამ წლები გვიჩვენებს, რომ ის საკმაოდ დაახლოებულია პუტინთან.
ჩემი აზრით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა ასი პროცენტით გულახდილი რომ ვიყო, ეს კარგი არ არის “ჩელსის” თანამშრომლებისთვის და ფანებისთვის. მე ეს მესმის, მაგრამ მთავრობა სწორად მოიქცა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მეტრო”.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” სანქციები დაუწესეს. კლუბს კომერციული საქცმიანობა და ტრანსფერები აეკრძალა. “ჩელსის” სატიტულო სპონსორმა Three UK-მა კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ხოლო ტექნიკური სპონსორი Nike განხილვის პროცესშია.