“ტოტენჰემი” არველაძის მთავარ ფეხბურთელში 20 მილიონს იხდის
ინგლისური მედია ბოლო დროს აქტიურად წერს “ჰალ სიტის” 21 წლის მთავარ ვარსკვლავზე, კინ ლუიზ-პოტერზე, რომელიც ინგლისის 21-წლამდე გუნდშიც გამოიძახეს.
თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის მოსვლის გამო, გუნდმა უარი განაცხადა ფეხბურთელის 10 მილიონად გაყიდვაზე, დღეს კი მისი სატრანსფერო ფასი უკვე 20 მილიონ ფუნტზე ავიდა.
Mailsport-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემი” და “ვესტ ჰემი” მზად არიან პოტერში ამდენი გადაიხადონ და “სიტისთან” მოლაპარაკებას აწარმოებენ. კონტრაქტი 2023 წლამდე არის გაფორმებული.
მაშინ, როცა არველაძე ახალი სეზონისთვის გაძლიერებას ითხოვს, მისთვის კინის წასვლა დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ თუ მიღებულ თანხას კლუბის გაძლიერებისთვის გამოიყენებენ, შოთას შეეძლება 2-3 სოლიდური მოთამაშე დაიმატოს.
ლუიზ-პოტერი “ჰალის” აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა.