ფიფიასა და ჯუღელის დაპირისპირება – რატომ წავიდნენ ბიჭები ბათუმში?
ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პროფესიონალური გუნდი “დინამო თბილისი” იყო. ორივე “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2017 წლის სექტემბერში ჰქონდათ, თუმცა ზურიკომ თავი გულშემატკივარს “ლოკომოტივიდან” დაამახსოვრა, ხვიჩა კი “რუსთავში” გამოირჩა.
ორივე მათგანი “დინამოში” ვერ დააფასეს, ვერ დაინახეს, დღეს კი ნაკრების ლიდერები არიან.
გარდა იმისა, რომ კვარას და ზურიკოს თბილისში დაფასება არ ჰქონდათ, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას კარგი დამოკიდებულება არც მამუკა ჯუღელთან აქვს. რას ამბობს ჯუღელი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციასთან მიცემულ ინტერვიუში:
“ფიფიას ჩემზე არც კარგი უთქვამს და არც – ცუდი. თუმცა არ მესმის, რატომ უნდა დავაბრუნო დინამოში ფეხბურთელი, რომელიც მათ არ დააფასეს და გამოუშვეს? იგივე გუგა ფალავანდიშვილი, რომელმაც დილაში საოცარი სეზონი ჩაატარა. გიორგი პაპავა რატომ წავიყვანე კვიპროსზე, ნეა სალამისში? დინამოში მითხრეს, არ ვარგაო. თუ არ ვარგა, აი, გამოჩნდა. შესაძლოა, კონკურენტები რომ ვართ, იმიტომ არ ჰქონდეს ჩემთან კარგი დამოკიდებულება. ისე კი, მე და ფიფიას საერთო საქმიანი მეგობრები გვყავს რუსეთში. ამასთან, დინამოს რომ კარგი სელექცია აქვს, ამაზე ორი აზრი არაა. რვა-ცხრა ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებშიც დიდ პოტენციალს ვხედავ: თუნდაც ოთარ კაკაბაძე. და რომ ამბობენ, დილას თამაშებს რატომ ესწრება და სტადიონზე რატომ მიდის ჯუღელიო, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ თბილისის დინამოს თამაშებს უფრო ხშირად ვესწრებოდი ამ სეზონში”, – ამბობს ჯუღელი ჟურნალისტ ილია ნანობაშვილთან.
1 წლის წინ ჯუღელმა ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეზე და სპორტულ დირექტორზე ლადო დვალიშვილზე “სპორტალთან” თქვა, რომ საქმიანი კაცები არიან და ლოგიკურად აზროვნებენ.
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის “დინამოში” ითამაშებენ და დიდი ალბათობით, კლუბს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან.