“იუვენტუსი” ფინანსურ თაღლითობაშია ბრალდებული, ჩატარებულია ჩხრეკა
ტურინის “იუვენტუსი” ფინანსური თაღლითობაშია ბრალდებული. გამოცემა “სტამპას” თანახმად, დღეს, გამოძიების ფარგლებში იტალიის სამ ქალაქში ჩხრეკა ჩატარდა.
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ, მაგისტრატი მოსამართლეების ბრძანებით, ტურინის, მილანისა და რომის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველები “იუვენტუსსა” და ცალკეულ ფეხბურთელებს (მათ შორის კრიშტიანუ რონალდუს) შორის გაფორმებულ სახელფასო და საბონუსე კონტრაქტებს ეძებდნენ. ეს იყო კორონავირუსის კრიზისის გამო არსებული ოთხთვიანი ხელშეკრულებები, რომლის მეშვეობითაც კლუბმა ბუღალტრული ბალანსი გაასწორა.
შესაძლო თაღლითობაზე გამოძიება გასული წლის დეკემბრეში დაიწყო. სავარაუდოდ, დოკუმენტაცია არა “იუვენტუსის” ოფისში, არამედ ტურინში, მილანსა და რომში, იურისტებთან ინახებოდა. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, კონტრაქტები ფიზიკურად უკვე განადგურებულიც იყოს.