დავით კერესელიძე: “სულელი უნდა ვიყო, 8 მილიონი წყალში გადავყარო”
ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის შედეგების შესახებ ისაუბრა.
““ახლაც ვერ გამოვდივარ შოკიდან, არ მჯერა რომ ასეთი რამ მოხდა. განსაკუთრებით ის, რომ ეს მოხდა იმ ლოჟიდან, სადაც სხედან საზოგადოების პატივსაცემი წევრები. მე მთავარი მწვრთნელის პოზიციასაც არ ვამართლებ, მე არ მომწონს უშვერი სიტყვები მოედანზე. უკიდურესად შეძრწუნებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა. მე გეუბნებით, თუ გია ცეცაძე წავა კლუბიდან, ეს პროცესი მხოლოდ მისი შეცვლით არ დასრულდება”, – თქვა კერესელიძემ, რომლის კომენტარს ადგილობრივი ვებ-გვერდი, Kutaisipost-ი აქვეყნებს.
შეკითხვაზე, წარუმატებელი მატჩებისა და გუნდში არსებული გამოწვევების ფონზე, შესაძლოა თუ არა, რომ ინვესტორმა უარი თქვას კლუბზე, დავით კერესელიძემ თქვა, რომ გამორიცხული არაფერია.
“ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი უნდა მოხდეს, რომ ჩვენ დავნებდეთ. ასე ადვილად არ დავნებდებით. ცეცაძის მოყვანის მთავარი მამოძრავებელი იყო სწორედ ის, რომ მას ყოველთვის აქვს “რომანტიკა” შემტევი, ლამაზი ფეხბურთის. ეს “რომანტიკა” ჯერ რომ ვერ ამართლებს, დავინახეთ. ჩვენ მერიასთან არ გვაქვს ხელშეკრულება დადებული, კლუბი არის ჩვენი საკუთრება, კლუბი გასხვისებულია და ჩვენ ვართ მესაკუთრე. სულელი უნდა ვიყო, რომ როცა კლუბს ამ მომენტში აქვს რვა მილიონზე მეტი ბიუჯეტი, ეს თანხა ნაგავში გადავყარო”, – თქვა დავით კერესელიძემ.
“ტორპედოს” ელიგაში 4 ტურის შემდეგ 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.
Kutaisipost.ge