დე ბრუინი: “კარიერაში პირველად ვნახე, რომ გუნდმა 5-5-0 ტაქტიკით ითამაშა”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “სიტიმ” მადრიდული კლუბი საკუთარ მოედანზე მიიღო და სწორედ დე ბრუინის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.
“ეს ორი განსხვავებული სტილის მქონე გუნდის დაპირისპირება იყო, ამიტომაც რთული თამაში გამოვიდა. ვიცი, რომ გულშემატკივრებისათვის ასეთი მატჩის ყურება ძნელია, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ იმ სტილს, რითაც მეტოქე მოედანზე გამოდის.
როგორც წესი, მოწინააღმდეგეები ძალიან დაცვით ფეხბურთს გვიპირისპირებენ, მაგრამ დღეს კარიერაში პირველად ვნახე, რომ გუნდი 5-5-0 ტაქტიკით თამაშობდა… უთავდამსხმელოდ. სივრცეების პოვნა რთული იყო”, – განაცხადა დე ბრუინმა.
“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ერთ მატჩში კარისკენ დარტყმის მცდელობაც კი არ ჰქონია.