“დინამო არენაზე” ტრიბუნას ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
დღეს “დინამო თბილისის” ლეგენდარულ კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით “დინამო არენას” სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. ეს სივრცე სტადიონის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს.
“დინამო არენას” მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა გუნდის ფანებმა შეასრულეს. ამასთან ერთად, სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. “დინამო თბილისი” აღნიშნული პრეცედენტის გამეორებას მომავალშიც აპირებს.
გთავაზობთ კლუბის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალას.