კენი დალგლიში: “მიეცით უკრაინას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური”
“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კენი დალგლიშმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიანიჭებენ. შოტლანდიელის თქმით, ეს უკრაინის მიმართ დამსახურებული პატივისცემის გამოვლინება იქნება.
“უკრაინელ ფეხბურთელებსა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას საკადრისი პატივი უნდა ვცეთ. მათი ბრალი არ არის ის, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელთა დიდ უმრავლესობას სათამაში პრაქტიკა არ აქვს. ზოგიერთი მათგანის ოჯახი მიმდინარე პროცესისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა.
ვფიქრობ, უსამართლო იქნება უკრაინის ნაკრებზე რაიმე ფორმით წნეხის განხორციელება. იქნებ ღირდეს გადაწყვეტილების მიღება და თქმა: “დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებით. კვალიფიკაცია არ გჭირდებათ”.
ეს იქნებოდა უკრაინის მიმართ პატივისცემის გამოვლინებისა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარების საშუალება. ვფიქრობ, კარგი იქნება, უკრაინელებისთვის ამ შესაძლებლობის შეთავაზება, თუ ისინი დაგვთანხმდებიან”, – დალგლიშის კომენტარი შოტლანდიურმა “სანმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში შოტლანდიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, წყვილის გამარჯვებულს კი ფინალში უელსი ელის.