ჩხეტიანი “ტორპედოში” სრულ წმენდას დაიწყებს?!
ქუთაისის “ტორპედოში” მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. ჩხეტიანი წლების განმავლობაში ქუთაისურ კლუბს ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით “ტორპედომ” ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია.
მთლიანი გუნდი გია ცეცაძის შეკრებილია და როგორც ჩანს (ამას გულშემატკივრებიც ითხოვენ), კახას ფეხბურთელების გაშვებაც მოუწევს.
საინტერესოა, რომ “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი შემადგენლობა ჰყავს – 27! მოთამაშით, მაგრამ ძალიან ხშირად, ზოგჯერ დისკვალიფიკაციის, ტრავმების თუ სხვა პრობლემების გამო, ხშირად 18 კაციანი განაცხადიც არ ივსება. ხოლო, ვინც მზადყოფნაშია და თამაშობს, შედეგს ვერ დებს.
სავარაუდო წამსვლელთა სიაში არიან: პაპუნაშვილი, ძარია, კარაგუნისი, შერგელაშვილი. ზაფხულის ბოლოს ვაჩიბერაძე და არველაძე, დიდი ალბათობით, ისედაც წავლენ.
ნაკლებად სავარაუდოა ცვლილებები კუხიანიძეს, ქიმაძეს, ტაბატაძეს, ცინცაძეს შეეხოს, მიუხედავად მათი სათამაშო ფორმისა. ეს ფეხბურთელები წლებია ჩხეტიანთან ერთად მუშაობენ.
ახალგაზრდები – თევზაძე, აბულაძე, ბოჭორიშვილი, გოგლიჩიძე, ჩარგეიშვილი “ტორპედოში” დარჩებიან.
13 მაისს ქუთათურები “ლოკომოტივს” ესტუმრებიან.