ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, თუმცა საინტერესოა, ორიგინალია თუ არა ტიტული, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ.
ჩემპიონთა ლიგა (უწინდელი სახელწოდება ჩემპიონთა თასი) 1955-1956 წლების სეზონიდან თამაშდება. ტურნირის პირველი თასი დიზაინით დღევანდელისგან განსხვავებული იყო და ის ევროპის ჩემპიონატის ტიტულს უფრო ჩამოჰგავდა. 1967 წელს ეს თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა “რეალს”, რომელსაც იმ დროს გათამაშება ექვსჯერ ჰქონდა მოგებული. ამის შემდეგ ახალი და დღეს არსებული დიზაინის მქონე თასი დამზადდა. მოზრდილი სახელურების გამო ჯილდოს მეტსახელად “დიდი ყურები” შეარქვეს. ეს თასი პირველად გლაზგოს “სელტიკმა” მოიგო, თუმცა შოტლანდიურ კლუბს ტიტული სამუდამო საკუთრებაში არ გადაეცა. დადგენილი წესის თანახმად, ამისთვის საჭირო იყო ტურნირის ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოგება. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ნამდვილი თასი საკუთრებაში ათი თვის ვადით ეძლეოდა, რის შემდეგაც ტიტული უეფაში ბრუნდებოდა, გუნდს კი შემცირებული ასლი ეძლეოდა.
1970-1973 წლებში ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირი მიჯრით სამჯერ მოიგო და გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ტროფეი საკუთრებაში გადაეცა, რის შემდეგაც ახალი ორიგინალი თასი ჩამოისხა. 1973-1976 წლებში იგივე გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნმა” და მასაც გადაეცა ტურნირის ორიგინალი ჯილდო სამუდამო საკუთრებაში. 1994 წელს “მილანმა” გათამაშება მეხუთედ მოიგო და ტიტული სამუდამოდ დაისაკუთრა. 2005 წელს “ლივერპული” გახდა უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ტურნირის ორიგინალი თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა. ამრიგად, მხოლოდ ხუთ კლუბს უდგას მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ნამდვილი თასი.
2008-2009 წლების სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს კლუბებს სამუდამო საკუთრებაში აღარ გადასცემს. ტურნირის მეექვსე ორიგინალი თასი უეფაში ინახება, გამარჯვებულ გუნდებს კი მისი ზუსტი ზომის ასლი გადაეცემათ, რომელზეც მოგებული კლუბის სახელწოდებაა ამოტვიფრული. გარდა ამისა, გამარჯვებულ კლუბებს სურვილისამებრ ტურნირის ორიგინალი თასის ასლის დამზადება შეუძლიათ, თუმცა კოპია ზომით მისი ნამდვილი ანალოგის მაქსიმუმ 80 პროცენტი უნდა იყოს. ახალი წესის თანახმად, კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მეხუთედ ან ზედიზედ მესამედ მოიგებს, სათამაშო ფორმაზე სპეციალური ნიშნის გამოსახვის უფლება ეძლევა.
ჩემპიონთა ლიგის თასის თანამედროვე დიზაინი წარმოადგენს 73,5 სანტიმეტრის ვერცხლის ამფორას, რომელიც შეიგნიდან მოოქროვილია. ტიტული 7,5 კილოგრამს იწონის და მისი ნომინალური ღირებულება ათი ათასი შვეიცარიული ფრანკია. თასზე წინა მხარეს გამოსახულია უეფას ლოგო, ცენტრში კი ფრანგულად აწერია “COUPE DES CLUBS CHAMPIONS EUROPÉENS” (“ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი”). ჯილდო 1967 წელს შვეიცარიელმა იუველირმა იურგ შტადელმანმა დაამზადა.
ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორიგინალ თასს აღარ იღებს, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ტურნირის პრესტიჟულობასა და მისი მოგების სურვილს.