ყველაზე წარმატებული ქართველი აგენტი, რომელიც ქართული ფეხბურთის 60%-ს აკონტროლებს
მამუკა ჯუღელმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ბაზრის 60%-ს აკონტროლებს და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების აგენტია.
მამუკა ყველაზე გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი და როგორც ხვიჩა ამბობს, მისი “საფეხბურთო მამაა”.
მის მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მოთამაშეების რუსეთში წაყვანის გამო უარყოფითი დამოკიდებულებაა, მაგრამ რეალობაა, რომ ჯუღელი ყველაზე წარმატებული ქართველი აგენტია.
მამუკა 2 დღის წინ კვარასთან ერთად იტალიაში გაფრინდა. მანამდე შეძლო და რუსეთზე სანქციების დაწესების შემდგომ, მისი კავშირების მეშვეობით, “რუბინმა” ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმში გადმოსვლა უპრობლემოდ შეძლო. მაგალითად, ლუკა წულუკიძე და ლუკა გაგნიძე ჯერ კიდევ მოსკოვის “დინამოსა” და “ურალს” ეკუთვნიან.
იგივე მოხდა ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც კონტრაქტი სრულად გაწყვიტა და დღეს “სლოვანთან” ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ჯუღელს გამოარჩევს ის, რომ ფეხბურთელებთან კონტრაქტს არასოდეს აფორმებს, მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევს და მასზე აუგის მთქმელი რთულად მოიძებნება.
ჯუღელს მადლობას უხდის ლადო დვალიშვილიც და არჩილ ბერიძეც. მამუკას საქმის გამგრძელებელი ნუკრი რევიშვილია. მათე ვაწაძე დანიიდან მას რუსეთში წაყვანას სთხოვდა.
ჯუღელი 2009 წელს “ანჟის” სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი იმავე პოზიციაზე “ვოლგაში” მუშაობდა. ორივე გუნდში მამუკას საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა წაყვანილი, მათ შორის, ნუკრი რევიშვილი და ოთარ მარცვალაძე.
ყურადღების ქვეშ იყო გიორგი აბურჯანია, ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავაც. როგორც თვითონ აცხადებს, “დნიპროში” გადასვლა ჯაბას მან ურჩია. ვაწაძეს კი დანიაში გადასვლაში დაეხმარა, როცა “ალანია” მას ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდა.
გარდა ამისა, ჯუღელი ხშირად ყოფილა ქართული კლუბების დამაკომპლექტებელი და მათ შორის, “ოლიმპია” გამოსარჩევი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. იყო “შუქურას” სპორტული დირექტორიც.
ასე აცხადებს ილია ნანობაშვილთან 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში ტრანსფერებისგან მიღებულ თანხაზე: “ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე მყავს, ამით ვსარგებლობ და ქართველ ფეხბურთელებს ვეხმარები. ბიჭებს ჰკითხეთ, საქართველოსთვის ცუდს რა ვაკეთებ. მე ფეხბურთელებისგან წილს არ ვიღებ. თავისი სურვილით თუ რაიმეს მაჩუქებენ, ეს სხვაა”
გავრცელებული ცნობით, ჯუღელმა ფოთის “კოლხეთის” დაფინანსებაზე აიღო პასუხისმგებლობა და როგორც ჩანს, რუსეთზე სანქციების დაწესების შემდეგ, ცუდ გუნებაზე სულაც არ არის.