ვახო სანაია: “მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო”
ჟურნალისტი ვახო სანაია გუშინდელ ბათუმის “დინამოს” წაგებას ეხმაურება.
“მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.
ბათუმის წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ. მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება – გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი. ეგ შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.
თავის დამშვიდება და ,,აუ, შემთხვევით წავაგეთ” ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.
P.S.
შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს” – დაწერა სანაიამ.
“დინამო” “სლოვანს” დამატებით დროში ამარცხებდა, თუმცა ბოლო 8 წუთში 2 გოლი მიიღო და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.