“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა
ამსტერდამის “აიაქსის” მცველი ლისანდრო მარტინესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დიდ კლუბში გადმოსვლა. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ჩემს კარიერაში ეს მომენტი დამდგარიყო. გამიმართლა, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვიყავი და ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელდება. წარმატების მისაღწევად დიდი სამუშაოა გასაკეთებელი, თუმცა მჯერა, რომ ერიკ ტენ ჰაგისა და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია”, – ციტირებს ლისანდრო მარტინესის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
არგენტინელი მცველი “აიაქსის” რიგებში 2019 წლიდან თამაშობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 188 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “მანჩესტერ იუნაიტედს” ერიკ ტენ ჰაგი წვრთნის, რომლის თავკაცობითაც ლისანდრო მარტინესი “აიაქსში” მთელი ამ სამი წლის განმავლობაში თამაშობდა.