“დინამოს” წარუმატებელი ლეგიონერობა – რა ვერ ხდება ბათუმში?
ბათუმის “დინამოში” ამჟამად მხოლოდ 3 ლეგიონერი ირიცხება – მილან რადინი, ოლექსანდრ აზაცკი და ბენჟამინ ტეიდი. ჯოვინოს უკვე ქართული პასპორტი აქვს.
აზაცკის პირველი ქართული გუნდი “ტორპედო” იყო, რადინი ჯერ თბილისის “დინამოში” ირჯებოდა, ტეიდი კი რამდენიმე ქართულ კლუბში იყო ბათუმში მისვლამდე.
“დინამომ” 2 წლის განმავლობაში რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა, თუმცა პრაქტიკულად არცერთმა მათგანმა არ გაამართლა. ლევჩენკომ, რეინალდომ, გროცურეკმა, სანოგომ, ფრიმპონგმა, დენკოვიჩმა და სხვებმა საკმაოდ დიდი ანაზღაურება მიიღეს, მაგრამ შედეგი ვერ დადეს. ლეგიონერები ძირითადშიც ვერ ხვდებოდნენ და ამ დროს, მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო “დინამომ” ევროთასებზე წარმატების მიღწევა, სწორედ კვალიფიციური ლეგიონერების ნაკლებობა იყო.
ეს პირადად სპორტული დირექტორის, ლადო დვალიშვილის საქმეა, თუმცა ფაქტია, დვალიშვილს უცხოელი მოთამაშეების დამატება არ გამოუვიდა.
გუნდი იმატებს გამორჩეულ ადგილობრივ ფეხბურთელებს, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვერ ახერხებს.