სანიოლი არაბიძეს ნაკრებში დააბრუნებს? კირკიტაძე, შოვნაძე
23/26 სექტემბერს საქართველო ჩრდ.მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
ვილი სანიოლი რამდენიმე დღეში ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს და ვფიქრობთ, ეროვნული ლიგიდან მას ახალი ფეხბურთელების გამოძახება შეუძლია.
წინა სტატიაში აღვნიშნეთ “საბურთალოს” გოლკიპერისა (თორნიკე მეგრელიშვილი) და მარჯვენა მცველის (გიორგი გოჩოლეიშვილი) წარმატებული თამაში. ასევე, “დინამოს” ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.
2 კვირის შემდეგ კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გამოიკვეთა, რომლებიც კარგ ფორმაში არიან. მათ შორის, ქუთაისის “ტორპედოს” შემტევი გიორგი არაბიძე.
24 წლის არაბიძემ წონა დაიკლო, ფორმაში შევიდა, ბოლო მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, “გაგრას” ულამაზესი გოლი შეუგდო და “ტორპედოს” ლიდერია. ეტყობა, რომ ფეხბურთსა და მის ნიჭს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება და ეს ქუთაისურ გუნდზეც აისახა.
გამოსარჩევია “დინამოს” მარჯვენა შემტევი თორნიკე კირკიტაძე. კირკიტაძე ელიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია და ბოლო პერიოდში გოლისა ან საგოლე პასის გარეშე შეხვედრას არ ტოვებს.
10 მშრალი შენახული კარით ლევან შოვნაძე ჩემპიონატში საუკეთესო. მართალია, “სამგურალმა” აკრეფილი ტემპი დაკარგა, თუმცა შოვნაძე სოლიდურად გამოიყურება და შესაძლოა, სანიოლის ყურადღებაც მიიპყროს, მაშინ, როცა, კუპატაძე კვლავ უკლუბოდ არის.
შემდეგ სტატიაში ლეგიონერების შესახებ გესაუბრებით.