რომან ფიფიას უდიდესი საფეხბურთო ღვაწლი, რომლის დანახვა არავის სურს?!
2013 წელს თბილისის “დინამომ” აკადემია გახსნა, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა და ბევრი მათგანი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.
მართალია, “დინამო” ფიფიას მფლობელობის პერიოდში ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დანახული და დაფასებული აკადემია, რომელიც თავისი ბაზით, ინფრასტრუქტურითა და მწვრთნელთა დონით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ეროვნულ ნაკრებში აკადემიის აღზრდილი ძალიან ბევრი მოთამაშეა – გიორგი მამარდაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ანრი მექვაბიშვილი.
სხვა საკითხია, რომ მამარდაშვილს “დინამოს” პირველ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, ირაკლი აზაროვს შანსი არ მიეცა და ახლა “დინამო ბათუმში” ბრწყინავს, ზუკა დავითაშვილი რუსეთში წასვლამდე “ლოკომოტივში” იყო, ხვიჩა კვარაცხელია “რუსთავში” გაუშვეს და ა.შ.
ფაქტია, აკადემიაში ეს მოთამაშეები აღიზარდნენ, მყარი საფუძველი შეექმნათ, თუმცა გაუგონარი მმართველობის გამო, ვერ დაწინაურდნენ და სხვა კლუბებში მოუწიათ წასვლა.
ფიფიამ სწორი მიმართულება აიღო, როცა წლების წინ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა და საჭირო ინვესტიციები ჩადო, მაგრამ მისი შემდგომი განვითარება, წლების განმავლობაში სრულიად მიუხედავი და არაკვალიფიციური გახლდათ.
დღეს აკადემიიდან მთავარ გუნდში ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გაბრიელ სიგუა და სხვები არიან.