შარაშენიძე: “ფეხბურთში რამდენი თამაში უნდა წავაგოთ სამარცხვინოდ, რომ რეალობა გავიაზროთ?|
ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, ნორვეგია-საქართველოს მატჩი შეაფასა.
“ჩემი დაკვირვებით უკვე ყველაფერში რეალისტურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ აი ფეხბურთში ისევ სასწაულებს ვითხოვთ.
1980-ებში გვეგონა რომ დამოუკიდებლად გახდომის შემდეგ ჩაი და ბორჯომი გვარჩენდა და ყველაზე მაგარი ქვეყანა ვიქნებოდით. შემდგომ ისეთები დაგვატყდა თავს, რომ ზღაპრები დაგვავიწყდა და მწარე რეალობები გავიაზრეთ.
ჰოდა, ფეხბურთში რამდენი თამაში უნდა წავაგოთ სამარცხვინოდ რომ რეალობა გავიაზროთ?
ამ ნაკრებს ჰყავს ორი-სამი კარგი მოთამაშე. 1979 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” მინიმუმ ოთხი მსოფლიო კლასის (და არა უბრალოდ კარგი) მოთამაშე ჰყავდა, მაგრამ ის გუნდიც კი კარგად გადახნა “ჰამბურგმა” ჩემპიონთა თასზე.
ორი წლის შემდეგ უფრო ძლიერმა და გამოცდილმა “დინამომ” თასების თასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა თასზე ალბათ მასაც არ ჰქონდა შანსი.
ჰოდა, რა ვეღარ გამოვედით 13 მაისის ეიფორიდან?
ახლა შეიძლება სანიოლი გაუშვან, მაგრამ არა მგონია სხვამ რამე სასწაული მოახდინოს. ორი-სამი კარგი მოთამაშე საამისოდ არაა საკმარისი.
კარგი და არა მსოფლიო კლასის, რადგან მაგალითად იგივე კვარა ჯერ კიდევ არაა ყიფო. ის და მამარდა იმის წყალობით გვყავს რომ ქვეყანა შედარებით გაცივილურდა და გარე სამყაროსათვის გაიხსნა.
ხორვატიის გამეორება გვინდა, მაგრამ ამისთვის მინიმუმ საფეხბურთო სკოლებს უნდა მივხედოთ. ჩვენი განათლების პრობლემებიც საშუალო სკოლებიდან იწყება. თუკი ბავშვი 12 წელი არაფერს აკეთებს მერე რთულია მას მაგარი ცოდნა მისცე (მაგის მეტი რა ვიცი პირადად მე). ფეხბურთში ამ მხრივ კიდევ უფრო რთულადაა საქმე, რადგან ადამიანი გონებრივად, ასე თუ ისე, სულ ვითარდება, ფიზიკურ განვითარებას კი 20 წლამდე ასრულებს და თუ ეს დრო გაცდა, მერე ყველაფერი დასრულებულია.
თუკი სკოლებში დალაგდა საქმე, წესით რაღაც შედეგი მოვა, ოღონდ მოვა 10-15 წელიწადში. რამდენადაც მე ვიცი, დალაგებული ჯერ არ არის, ასე რომ არც 10-15 წელიწადში არ გვექნება შედეგი.
თუმცა ალბათ ამასობაში ფეხბურთში წაგებებსაც საბოლოოდ შევეგუებით. ეგეთებს შევგუებივართ?” – დაწერა შარაშენიძემ.