აბიდალი: “ნეიმარის დაბრუნება შეგვეძლო, პრეზიდენტმა გრიზმანი აირჩია”
ერიკ აბიდალი ადასტურებს, რომ “ბარსელონაში” ფეხბურთის დირექტორად მუშაობისას გუნდში ნეიმარის დაბრუნება შეეძლო. თუმცა, 2019 წელს კლუბმა არჩევანი ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე გააკეთა.
“სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღით ადრე პარიზში გავემგზავრე ჩვენ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად. ლეონარდოსთან [“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი] უნდა გვესაუბრა. საუბრის თემა ნეიმარის ტრანსფერი იყო.
ვფიქრობ, როდესაც აღმასრულებელი დირექტორი პარიზში მიდის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ნეიმარის დაბრუნება შეგვეძლო. გრიზმანი რომ არ გვეყიდა, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარს დავიბრუნებდით.
ჩვენ გარემარბი გვჭირდებოდა, ნეიმარი კი ამ პოზიციაზე საოცრად კარგი იყო. საქმე იმაში არ არის, თუ ვინ არის უკეთესი, ჩვენ ნამდვილი გარემარბი გვჭირდებოდა. პრეზიდენტმა გრიზმანი აირჩია.
ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ნეიმარის ტრანსფერის წინააღმდეგ მასსა და კლუბს შორის არსებული სასამართლო დავა იყო. მათ თქვეს, რომ დაბრუნების შემთხვევაში დავა უნდა შეეწყვიტა. ეს ჩემი პრობლემა არ ყოფილა, რადგანაც განხეთქილების დროს მე კლუბში არ ვიყავი,” – აცხადებს აბიდალი.