“აბსურდული შეკითხვაა” – ქართული გუნდები ფეხბურთელებს ხელფასებს გადაუხდიან
ახალი კორონა ვირუსის ფონზე საფეხბურთო სამყაროში გუნდების ხელმძღვანელობის მხრიდან ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებებზე მიდის საუბრები.
საფრანგეთში, შოტლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში გუნდები აპირებენ მოთამაშეებთან შეხვედრები გამართონ და დროებით, სანამ ჩემპიონატები განახლდება, ხელფასის ნახევარი გადაუხადონ. ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონამ”, შესაძლოა, ფეხბურთელებს თანხის მხოლოდ 30% მისცეს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. ჩემპიონატი 2 კვირის წინ შეჩერდა და ქართული კლუბები გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან.
ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდს დავუკავშირდით, თუმცა, უმეტესობა, როგორც ჩანს, სრულად თვითიზოლაციაშია და ეშინიათ, ვირუსი ინტერნეტითაც არ შეხვდნენ და პასუხის დაბრუნებაზე არც უფიქრიათ.
თბილისის “მერანის” პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ აბსურდული შეკითხვაა და როგორც ჩანს, ყველა ფეხბურთელი თავის კუთვნილ ხელფასს მიიღებს.
ეროვნულ ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში შედარებით სტაბილური ფინანსური სიტუაციაა. მხოლოდ საბაზისო სახით, 1 მილიონამდე ლარის დაფინანსებას იღებს 20-ვე კლუბი. იმედია, არცერთი გუნდი არ გადაწყვეტს მოთამაშეებს ხელფასები შეუმციროს და სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.
ფეხბურთის ფედერაციამ სამთავრობო ფონდში 100 000 ლარი გუშინ გადარიცხა.