აჭარლები შინ სამი ქულით ბრუნდებიან
დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტური დაიწყო. ორიდან ერთ-ერთი შეხვედრა „მცხეთა პარკზე“ გაიმართა, სადაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა „ვიტ-ჯორჯიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა.
ამ ტურის წინ „ვიტელები“ 22 ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ, ხოლო „შუქურა“ 34 ქულით ქუთაისის „ტორპედოსთან“ მეათე ადგილს იყოფდა.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ორივე გუნდი ბურთს ფლობდა, თუმცა განსაკუთრებული მომენტებით არ გამორჩეულა. ნელ-ნელა მასპინძლებმა პირველ ნორმად თამაში დაიწყეს. აღსანიშნავი იყო მათი მარჯვენა ფლანგიდან შეტევები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ექვსი ნომერი ბადრი დემეტრაშვილი იყო. მე-17 წუთზე „ვიტ-ჯორჯიამ“ პირველი კუთხური მოაწოდა. თბილისელები შეტევას აგრძელებდნენ – მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულს ელგუჯა ლობჯანიძე თავით ვერ მიწვდა. ცოტა ხანში, კერძოდ კი 22-ე წუთზე, პირველი კუთხური აჭარლებმაც მოაწოდეს, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია. 24-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან გიორგი გეთიაშვილის დარტყმა „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. 28-ე წუთზე ვალიკო გახარიამ თითქმის ცენტრში დანიშნული ჯარიმის შედეგად ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, თუმცა გეთიაშვილი თამაშგარეში მოხვდა. ცოტა ხანში მასპინძებმა უფრო სახიფათო ჯარიმა შეასრულეს – ამჯერად მათ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, თუმცა ამ პასს ადრესატი არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ „ვიტელები“ შეტევების დასრულებას ჩაწოდებებით ხშირად ცდილობდნენ. 34-ე წუთზე „შუქურას“ კართან შექმნილი არეულობის შემდეგ სტუმართა მცველებმა ნელი დარტყმულის კარის ხაზიდან გამოტანა შეძლეს. 44-ე წუთზე სტუმართა ზაზა ტუღუშმა მასპინძლებს გაუტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დასაწყისში პუკანიჩის დარტყმულს „ვიტ-ჯორჯიას“ მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ცოტა ხანში ეპიზოდი „შუქურას“ კართანაშ შეიქმნა – კახაბრიშვილის ჩაწოდებას ლობჯანიძე გამოეხმაურა, რომელიც აკრობატული დარტყმით გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის შემდეგ თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა – ერთ-ერთ ეპიზოდში „ვიტ-ჯორჯიას“ მცველმა გიორგი გეთიაშვილმა თავის ტრავმა მიიღო. 70-ე წუთზე არჩილ ტვილდიანი მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს ჩინებულად გასცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ზვიად მეტრეველს გაუკეთა, რომელსაც ნელი და ზუსტი დარტყმის განხორცეიელება არ გასჭირვებია – 0:1.
ამის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშს გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ. 87-ე წუთზე შოტა თავლაბერიძის ერთი შეხებით ლამაზი და უძლიერესი დარტყმა მეკარე კაკალაძემ ერთი ხელით მოიგერია, დანიშნული კუთხურის შედეგად „შუქურამ“ კონტრშეტევა დაიწყო, რომლის ბოლოს მეტრეველს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მას მცველებმა აჯობეს და კუთხურიც დაინიშნა. ცოტა ხანში თავისი გუნდის უპირატესობის გაზრდა გიორგი კუხიანიძესაც შეეძლო, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან ახლოს დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხსენებული პაუზის გამო მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, რომლის დროსაც აჭარლები შეტევას აგრძელებდნენ. კუხიანიძემ შეცვლაზე შესულ პაულო ვიქტორს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა. ორ წუთში პუკანიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. საბოლოოდ, 0:1 და „შუქურა“ 37 ქულით მინიმუმ ხვალამდე მეშვიდე ადგილზე ავიდა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „მერანმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის კიდევ ერთი მებრძოლი გუნდი დაამარცხა – მარტვილელებმა რუსთავის „მეტალურგს“ ანგარიშით 3:0 მოუგეს.
„ვიტ-ჯორჯია“ – „შუქურა“ 0:1
გოლი: მეტრეველი 70′
„მცხეთა პარკი“
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა
„ვიტ-ჯორჯია“: შეროზია, გეთიაშვილი, საბაძე, კალანდია, მაისურაძე, დემეტრაშვილი, დავლაშელიძე, კახაბრიშვილი, გახარია, დანელია, ლობჯანიძე
„შუქურა“: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ტუღუში, ხუჭუა, მეტრეველი, კოპალიანი